თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის დუნიაგოზელ გულმანოვას ვიზიტი საქართველოში
2026 წლის 23–24 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო ორმხრივ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო თანამშრომლობას, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საფუძველი. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის ჯაჭვში და მხარდაჭერა გამოიხატა დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისადმი.
ხაზი გაესვა თურქმენეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს პარლამენტსა და თურქმენეთის მეჯლისს შორის, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და თურქმენეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების მზაობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
