Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და თურქმენეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო-თურქმენეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი თურქმენეთში

2023 წლის 22-23 მაისს, საქართველოსა და თურქმენეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში, თურქმენეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველო-თურქმენეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია დავით მათიკაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ მეგობრობის ჯგუფის წევრები: ბექა დავითულიანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ზარქუა, გიორგი ცაგარეიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, 22 მაისს, გაიმართა საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის ახალი მოწვევის თავმჯდომარესთან დუნიაგოზელ გულმანოვასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა მხარეთა აქტიურ თანამშრომლობას სატრანსპორტო-სატრანზიტო, სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარულ-კულტურული, საგანმანთლებლო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

იმავე დღეს, თურქმენეთის მეჯლისში გაიმართა საქართველოსა და თურქმენეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების სამუშაო შეხვედრა. ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა დავით მათიკაშვილი, თურქმენული მხრიდან ანამუხამეტ სარჯაევი.

აღსანიშნავია, რომ ახალი მოწვევის მეჯლისში, ეს იყო პირველი ორმხრივი სამუშაო შეხვედრა, თურქმენეთისა და უცხოეთის ქვეყნების მეგობრობის ჯგუფებს შორის.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები, იმსჯელეს ამ მიმართულებით საპარლამენტო დიპლომატიის როლის გაზრდის შესაძლებლობებზე.

შეთანხმდნენ, რომ საქართველო - თურქმენეთს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, აქტიურად გააგრძელებენ საპარლამენტო თანამშრომლობას.