საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბატირ ანნაევთან
2026 წლის 21 მაისს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან (ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით), ბატირ ანაევთან.
საუბრის დასაწყისში ელჩმა ბატირ ანაევს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები საპასუხისმგებლო სახელმწიფო საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ტრადიციულად მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის მაღალ დონეს და მისი დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული დაკავშირებადობის განვითარებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.
კონსტანტინე საბიაშვილმა თურქმენულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზაციას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით.
თავის მხრივ, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატირ ანაევმა, დაადასტურა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების მაღალი დონე, ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთის როლს „შუა დერეფნის“ განვითარებისა და რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით და გამოხატა სრული მზადყოფნა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
