თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში
2026 წლის 16 ივლისს, თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორბელიანის სასახლეში უმასპინძლა.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ნათელი დასტურია.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების წახალისებას, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე, შუა დერეფნის სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია სატრანზიტო მიმართულებით კავშირების გაღრმავებით, მათ შორის, შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით.
პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ყურადღება გამახვილდა ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული და აკადემიური გაცვლითი პროგრამების განვითარებასა და ერთობლივი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერაზე.
მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
