თურქმენეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოს ტურ-ოპერატორებთან საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა
2024 წლის 5 მარტს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის, ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა თურქმენეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოს ტურ-ოპერატორებს.
შეხვედრაზე მოწვეული იქნა ასევე თურქმენეთის კულტურის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გულშატ ბაკიევა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თურქმენეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი ავიაკომპანია „ჯეოსქაის“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ქორთოშიძე.
ტურ-ოპერატორებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ტრადიციული ხასიათი მიეცა ელჩმა, კონსტანტინე საბიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების, გატარებული რეფორმებისა და მიმდინარე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კურორტების განვითარების ტემპებზე ოთხივე სეზონის მიმართულებით, ასევე ტურიზმისა და ავიაციის სექტორის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის სვანეთის და თელავის ახალი აეროპორტების მშენებლობის თაობაზე.
აღინიშნა საქართველოში თურქმენი ვიზიტორების მზარდი რაოდენობა და ამ მხრივ, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიახაზების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული პროდუქცია.