აშხაბადში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა
2024 წლის 18 მაისს, ქ. აშხაბადში, მახტუმკული ფრაგის კულტურული მემორიალური კომპლექსის გახსნის ფარგლებში, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, მსოფლიოს გამოჩენილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.
ძეგლის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - იოსებ ბაღათურია, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქმენეთის მთავრობისა და მეჯლისის, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები.
კონსტანტინე საბიაშვილმა, იოსებ ბაღათურიამ და საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი. გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა, წაიკითხეს ნაწყვეტები უკვდავი პოემიდან „ვეფხისტყაოსანი".
დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა თურქმენეთის დედაქალაქში ემსახურება ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და ამავდროულად ნათელი დადასტურებაა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრული და კულტურული კავშირების.
საქართველოს საელჩო გამოხატავს თავის მადლიერებას თურქმენეთის ხელისუფლების მიმართ შოთა რუსთაველის შემოქმედებისა და ღვაწლის დაფასებისა და აშხაბადში ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისათვის.