საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქმენეთში
2024 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა პოლიტიკურ დონეზე არსებული ურთიერთობები, აღინიშნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობა.
რაშიდ მერედოვმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პლატფორმებზე თურქმენეთის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტო, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში მიღწევებს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო -სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულის“ და „შავი ზღვა - კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო მარშრუტების პროექტებს. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელშიც, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი ექნება.
მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.