საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქმენეთში
2024 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, მრავალწლიან ურთიერთობათა მეგობრულ ხასიათს.
ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქ. აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის გადაწყვეტილებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
შეხვედრა გაიმართა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.