საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
2024 წლის 15 თებერვალს, აშხაბადში, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. კონსულტაციებს საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო თურქმენეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერდარ მუხამეტდურდიევი.
საქართველო-თურქმენეთის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას, დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს, აღინიშნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტო, საინვესტიციო, განათლების, ტურიზმის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სფეროზე და ამ მხრივ თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
დიპლომატებმა იმსჯელეს ორმხრივი საკანონმდებლო ბაზის სრულფოფაზე და შეთანხმდნენ გააგრძელონ სისტემატური დიალოგი მის შემდგომ განვითარების მიზნით.
შეხვედრებზე, საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, თურქმენეთის მხარეს მიეწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ. თურქმენულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქმენეთის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცემის საკითხები.