Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო თურქმენეთში

საქართველოს საელჩო თურქმენეთში

აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას სამუშაო ვიზიტი აშხაბადში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ზვიად გაბისონიამ შეხვედრა გამართა თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან, აზატ ატაევთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, სამომავლო პერსპექტივები და პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში  „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“. 

მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განათლების სფეროში მიღწევების გაზიარების, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ასევე ეწვია საერთაშორისო საგანმანათლებლო საგამოფენო სივრცეს, სადაც საქართველოს კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ერთობლივი სტენდი წარადგინეს. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ქართული უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების, საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების პირობების შესახებ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ლავრენტი გუდავაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტრისტან გულბიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ჯალაღონია.

საქართველოს უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა შეხვედრები გამართეს თურქმენ კოლეგებთან, მოინახულეს ადგილობრივი უნივერსიტეტები და დეტალურად გაეცნენ მათ სასწავლო და სამეცნიერო ბაზას.