საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება აშხაბადში
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება თურქმენეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა გახსნა. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მამეტხან ჩაკიევმა.
გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.
ყურადღება გაამახვილეს ორივე ქვეყნის ხელისუფლებების მიერ სავაჭრო -ეკონომიკური თანამშრომლობის აღმავალი დინამიკის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთის როლი, სატრანსპორტო და სატრანზიტო კორიდორების განვითარების მიმართულებით.
თურქმენეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციოს მიზნით, მიღების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული მინანქრის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
საღამოს ესწრებოდნენ თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საზოგადოებისა და კულტურის წრეების წარმომადგენლები, თურქმენეთში ვიზიტად მყოფი უცხოეთის დელეგაციები.