საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვის ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში
2025 წლის 7 მარტს, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვის ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა.
საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული პერსპექტივების საკითხებზე იმსჯელეს ორი ქვეყნის მთავრობათა წარმომადგენლებმა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი იმ ეკონომიკურ სექტორებზე გააკეთა, სადაც თანამშრომლობის განსაკუთრებით დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის - ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებზე.
ახლო მომავალში საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის გამართვაა დაგეგმილი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.