დიდი თურქმენი პოეტისა და მოაზროვნის, აღმოსავლური კულტურის აღიარებული კლასიკოსის, მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის თარგმანი ქართულ ენაზე
2024 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე საბიაშვილმა მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაში, რომლის ფარგლებშიც, მოწვეული სტუმრების წინაშე წარადგინეს დიდი თურქმენი პოეტისა და მოაზროვნის, აღმოსავლური კულტურის აღიარებული კლასიკოსის, მახთუმყული ფრაგის ლექსების კრებულის თარგმანი ქართულ ენაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეხრი ბიაშიმოვა, საერთაშორისო ურთიერთობათა ინტიტუტის რექტორი გულშატ იოსუბოვა, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე მედიის წარმომადგენლები.
თავის გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებზე, ორი ქვეყნის აქტიური მონაწილეობით მიმდინარე რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებზე.
კონსტანტინე საბიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებს, მახთუმყული ფრაგის შემოქმედებას და აღნიშნა, რომ ლექსების ქართულად თარგმნა, თურქმენეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მკითხველს, ფართოდ გაეცნოს მახტუმყული ფრაგის შემოქმედებას, მის მოღვაწეობას, თურქმენეთის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.