საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ვიზიტი თურქმენბაშის პორტში

2022 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე საბიაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია საპორტო ქალაქ თურქმენბაშის.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სააგენტოს, თურქმენეთის საზღვაო და სამდინარო გზების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ანადურდი კოსიაევთან და თურქმენეთის საზღვაო და სამდინარო გზების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურის „თურქმენბაშის“ დირექტორთან, სეითგული ბაისეიდოვთან, ასევე  დარგის ექსპერტებთან.

კონსტანტინე საბიაშვილმა აღნიშნა, რომ ელჩის რანგში პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია სწორედ თურქმენბაშის პორტის ხელმძღვანელობას, რითაც დაადასტურა, რომ საქართველო აქტიურად გამოხატავს თავის დაინტერესებას თურქმენეთის მიმართ სტრატეგიულ საკითხებში თანამშრომლობის კუთხით. მან ხაზი გაუსვა მ.წ. ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს თურქმენეთში და შეხვედრას უმაღლეს დონეზე, თურქმენეთის პრეზიდენტ ბატონ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირებისა და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების გზები.

თურქმენულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და უკვე განხორციელებული რეგიონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ თურქმენბაშის პორტი, ისევე როგორც საქართველოს პორტები, წარმოადგენენ  „ლაპის ლაზულისა“ და „შავი ზღვა - კასპიის ზღვა“ სატრანზიტო დერეფანების მთავარ საკვანძო დამაკავშირებელ რგოლებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პორტებთან და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან საქმიანი კავშირების გააქტიურებას, გამოცდილების გაზიარების მიზნით ვიზიტების აუცილებლობას. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურ სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას  ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.