2022 წლის 26-28 ოქტომბერს აშხაბადში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია "თურქმენეთის ნავთობი და გაზი-2022". ღონისძიებაში მონაწილეობდა 500-ზე მეტი დელეგატი 45 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ 206 კომპანიას, სახელმწიფო სტრუქტურებს, აკადემიურ და დიპლომატიურ წრეებს, ფინანსურ ინსტიტუტებს.
„თურქმენგაზი“-ს ხელმძღვანელობის პირადი მოწვევით კონფერენციას დაესწრო საქართველოს დელეგაცია სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის გიორგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდნენ კორპორაციის კომერციული დირექტორი - ნიკოლოზ ფიცხელაური, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ენერგეტიკისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხებში - ლიანა ჯერვალიძე.
26 ოქტომბერს, კონფერენციის პლენარულ სესიაზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს. თავის გამოსვლაში გიორგი ჩიქოვანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თურქმენული ბუნებრივი აირის „გაზის სამხრეთის დერეფნის“ გამოყენებით, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით, ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების პერსპექტივაზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამჟამად, ისე, როგორც არასდროს, ერთმანეთს ემთხვევა თურქმენეთისა და ევროკავშირის სურვილი მოახდინონ ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაცია.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ჩიქოვანმა და ნიკოლოზ ფიცხელაურმა შეხვედრები გამართეს თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრ, „თურქმენგაზის“ თავმჯდომარე ბატირ ამანოვთან, თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „თურქმენნავთობის“ თავმჯდომარე გუვანჩ აგაჯანოვთან, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტ როვშან ნაჯაფთან და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა თანამშრომლობის არსებული ასპექტები, დაისახა მათი განვითარების პერსპექტივები.
კონფერენციას ესწრებოდა და შეხვედრებში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი კონსტანტინე საბიაშვილი.