ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთს ეწვია

2017 წლის 29 ნოემბერს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის 28-ე შეხვედრაში.

კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის გენერალურმა მდივანმა, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელმა პირებმა.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს როგორც ენერგეტიკული რესურსების სატრანზიტო ქვეყნის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ ქარტიაში. მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების განვითარებას და მათ შორის კარგ შესაძლებლობებს ქმნის თურქმენული გაზის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, აკავშირებს რა მას ევროკავშირის ბაზართან და მზად არის მომავალშიც შეასრულოს საიმედო პარტნიორის როლი. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ენერგო მიწოდების დივერსიფიკაცია და სატრანსპორტო კავშირების განვითარება უზრუნველყოფს რეგიონის ქვეყნებისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მათ  მდგრად და სტაბილურ განვითარებას.

კონფერენციის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა თურქმენ კოლეგას - მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტესნიფიკაცია, რაც ახალ იმპულსს სძენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროებში.

რაშიდ მერედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერს აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში მონაწილეობისათვის. თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის საქმიანობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა ორგანიზაციაში თურქმენეთის წარმატებული თავმჯდომარეობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღინიშნა 2017 წლის 15  ნოემბერს, ქ. აშხაბადში, საქართველოსა და თურქმენეთის მონაწილეობით ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის "ლაპის-ლაზულის'' ხუთმხრივი შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოსა და თურქმენეთში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები აღნიშნული მარშრუტის განსავითარებლად და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პოლიტიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით, "ლაპის ლაზულის'' სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს პროექტში ჩართული ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას და მათ დაკავშირებას ევროპასთან.

მხარეებმა აღნიშნეს ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა არა მხოლოდ საქართველოსა და თურქმენეთის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე შედგა შეხვედრები თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, მაქსატ ბაბაევთან და დადებაი ამანგელდიევთან. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გაააქტიურონ თანამშრომლობა რეგიონალური პროექტების რეალიზაციის მიზნით. საქართველოს ვიცე-პრემიერმა თურქმენი კოლეგები ვიზიტით მიიწვია საქართველოში. 

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ