ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენეთს ეწვია

2017 წლის 15 ნოემბერს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადს, ვიზიტით ეწვია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ავღანეთის განვითარების რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-7 კონფერენციაში - ‘'RECCA VII - Deepening Connectivity & Expanding Trade through investment in infrastructure & improving synergy", რომელსაც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო.

კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რეგიონალურ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ავღანეთის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების განვითარებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ავღანეთსა  და  ასევე რეგიონის  ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, განსაკუთრებით გამოყო ტრანსპორტის სფერო, რომელიც მისი შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალ სატრანზიტო მარშრუტებში მონაწილეობას.

„საქართველო არის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონის სატრანსპორტო სფეროში. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ყველა ძირითად სტრატეგიულ პროექტსა და ინიციატივაში. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს მონაწილეობას ახალ სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის  „ლაპის ლაზული", რომელიც ინიცირებულია ავღანეთის მთავრობის მიერ და სარგებლობს თურქმენეთის დიდი მხარდაჭერით. ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილე ქვეყნების შემდგომ თანამშრომლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონის განვითარების მომავალი დიდ წილად არის დამოკიდებული ისეთ საერთაშორისო პროექტებზე, როგორც „ლაპის ლაზულია", - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც უკვე მოუტანეს ქვეყანას აღიარება და საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი პოზიციები. მისი თქმით, საქართველო ვითარდება, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბი და ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს ანაკლიის ღრმა წყლოვან პორტს, რომელიც ახალ შესაძლებლობების გაუხსნის ორი კონტინენტის კავშირებს.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა 28-29 ნოემბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე ახალი იდეების, პროექტებისა და შესაძლებლობების კარგ პლატფორმას წარმოადგენს.

ავღანეთთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას ავღანეთში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.

,,მნიშვნელოვანია ავღანეთის აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში. რეგიონალური თანამშრომლობა არსებითია ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის, რომელიც ასე სჭირდება როგორც ავღანეთს, ასევე მთელს რეგიონს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის კი საჭიროა მშვიდობა და უსაფრთხოება. საქართველო მხარს უჭერს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას და სტაბილურობას და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას", - განაცხადა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა 2018 წელსაც ნატო-ს ,,მტკიცე მხარდაჭერის'' მისიის ფარგლებში განაგრძოს მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა ავღანეთიდან თურქმენეთის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის"  შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს პროექტში ჩართული ქვეყნების - ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან „ლაპის ლაზულის" შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების და პროცედურების ჰარმონიზაციას და ა.შ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით ამ პროექტში ჩართულობით საქართველო გახდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის მონაწილე.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მრავალმხრივ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი - ეს არიან  ქვეყნები, რომელთაც ახალ სატრანზიტო დერეფანს დაუდეს საფუძველი. ეს გულისხმობს მეტი ტვირთის მოძრაობას ამ დერეფნის გავლით  და ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის. ეს არის ჩვენი პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველო იყოს აქტიური მონაწილე რეგიონის სატრანზიტო პროექტების", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დინამიურად ვითარდება  და ეფუძნება მრავალ საერთო ინტერესს, მათ შორის ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მხრივ არსებულ დაინტერესებას.

ქ. აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კოლეგას, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

 

 

  

 

    

                           

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ