ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია

2017 წლის 29-30 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რეგიონული სატრანსპორტო პროექტები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები იყო.

პრემიერ-მინისტრმა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა.

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონული სატრანსპორტო პროექტების აქტივიზაციით და ვფიქრობ, ეს ორმხრივი ინტერესის საგანია. ამიტომაც, ჩვენ ვიმყოფებით აქ, რათა განვიხილოთ ეს პროექტები. მოხარული ვართ, რომ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ვაფასებთ თურქმენეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თურქმენეთის პოზიციას საერთაშორისო პლატფორმებზე. გილოცავთ "აზიადა 2017"-ის წარმატებულ ორგანიზებას და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ასეთი ღონისძიებები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ სპორტის განვითარებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. მადლობას გიხდით გახსნის ცერემონიაზე მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, საქართველო ამ ღონისძიებაზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ამ მხრივ არსებობს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენი მიზანია, არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება, რათა განვავითაროთ სატრანზიტო პროექტები. "აბრეშუმის გზის" წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაცილებით მაღალ ხარისხს'', - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა  ასევე ისაუბრა კულტურულ-ჰუმანიტარულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. 

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება თურქმენეთის პრეზიდენტმა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რაც აისახა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებზე.

"ჩვენ მადლობელი ვართ, რომ მხარს უჭერთ თურქმენეთის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის საერთაშორისო ინიციატივებს, ღია კარის პოლიტიკას, ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება სატრანზიტო დერეფნის განვითარება და ა.შ. არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია და მადლობას გიხდით, რომ დღეს გაიმართება მისი მომდევნო სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები", - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი კვირიკაშვილი მეხუთე აზიური თამაშების "აზიადა 2017''-ის გახსნაზე აშხაბადში კიდევ ერთხელ მიიწვია და აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ასევე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი. შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ასევე გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ორმხრივი კავშირების განვითარებას შეუწყობს ხელს.

"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ახალ იმპულსს მისცემს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ჩვენ მადლიერნი ვართ თურქმენეთის პოზიციისთვის. საერთაშორისო ფორმატებში და ჩვენი მხრიდან ყოველთვის მხარს ვუჭერთ თქვენს ინიციატივებს. პარლამენტთაშორისი ფორმატი, ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა, ჩვენს ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ჩვენ ვადასტურებთ სურვილს, განვავითაროთ საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრები დიდ სტიმულს მისცემს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე - ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის განვითარებას.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას თურქმენეთის მეჯლისში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო, ასევე დაათვალიერა ოლიმპიური სოფელი, ოლიმპიურ პარკი და საერთაშორისო საცხენოსნო-სპორტული კომპლექსი.

"ოფიციალური ვიზიტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან. განვიხილეთ ძალიან ბევრი მიმართულება. ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გაცილებით უფრომეტი პოტენციალი არსებობს. მთავრობათაშორისი კომისიაც დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ პოტენციალის ათვისების საკითხებს განიხილავს. განვიხილეთ, როგორც რეგიონული სატრანსპორტო პროექტები, მათ შორის - ინიციატივა თურქმენეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუმინეთის მონაწილეობით სატრანსპორტო კორიდორის შექმნის შესახებ; ასევე თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა "აბრეშუმის გზის'' პროექტის განხორციელებაში. ჩვენ შევთავაზეთ მათი მონაწილეობა ჩვენი ადგილობრივი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის პროექტებში, რაზეც გამოითქვა დიდი ინტერესი. რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, რაზეც ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს. შევეხეთ ყველა საკითხს, მაგრამ დღეს კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ რეგიონის ქვეყნებთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ უფრო მეტად გამოვიყენოთ ორ ზღვას შორის ურთიერთობის სატრანზიტო პოტენციალი და ვფიქრობთ, ეს აბსოლუტურად რეალისტურია'', - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მესამე სხდომა. იმავდროულად, ხელი მოეწერა "საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ'' შეთანხმებას და "შ.პ.ს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს'', საქართველო, და თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურს შორის ტვირთბრუნვის, ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა და ნავსადგურების ოპერირების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ'' ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საქართველოს დელეგაციაში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გოგი ვაშაყმაძე და "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდნენ.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ