საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს და თურქმენეთის საგარეო უწყებებს შორის რიგით მე-7 პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2020 წლის 9 ოქტომბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეშვიდე პოლიტიკური კონსულტაციები, მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, თურქმენეთის მხარეს - მინისტრის მოადგილე ვეპა ხაჯიევი. 

კონსულტაციებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ასევე, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის  საკითხები.

დეტალურად განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტურიზმის სფეროებში  თანამშრომლობის განვითარების მიმართულებები. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ურთიერთქმედებაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულის“ და „შავი ზღვა - კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო მარშრუტების პროექტებთან დაკავშირებით, მრავალმხრივ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის მნიშვნელობას. 

მხარეებმა აღნიშნეს  საქართველოს და თურქმენეთს შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის დაწყებისა და ასევე, ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი კულტურული დიალოგის პლატფორმის შექმნის აუცილებლობა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თავის კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. თავის მხრივ, თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქმენეთის პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში გატარებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ.