საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი თურქმენეთის რიგი რეგიონის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

2020 წლის 16-17 იანვარს, თურქმენეთის რეგიონებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩს, მამუკა მურჯიკნელს გაცნობითი შეხვედრები ჰქონდა მარისა და ლებაპის ველაიათების ხელმძღვანელ პირებთან (ჰაკიმებთან), დოვრანბერდი ანაბერდიევთან და თანრიგული ათაჰალიევთან.

სამუშაო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოდან აღმოსავლეთის მიმართულებით მომავალი ტვირთების თურქმენეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირების შესაძლებლობების შესწავლა.

ორივე შემთხვევაში საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მხრივ არსებულ ვითარებას, მისი გაფართოების პერსპექტივას და ამ საქმეში საქართველოსა და თურქმენეთის რეგიონების როლს. განსაკუთრებით აღინიშნა „ლაპის ლაზულის“ ხუთმხრივი შეთანხმების იმპელმენტაციის აუცილებლობა და, როგორც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანსპორტო-სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის აქტუალურობა.

როგორც მარისა და ლებაპის ველაიათების ჰაკიმებმა აღნიშნეს, მათ რეგიონებში მდებარე „სერჰეტაბატის“, „იმამნაზარის“ (მდებარეობენ თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე) და „ფარაპის“ (მდებარეობს თურქმენეთ-უზბეკეთის საზღვარზე) საბაჟო პოსტები სრულადაა აღჭურვილი და მზადაა სხვადასხვა სახის ტვირთების გასატარებლად.

გამოიკვეთა საქართველოსა და თურქმენეთის რეგიონებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებაში ორივე მხარის დაინტერესება. აქედან გამომდინარე, ელჩი დაპირდა მარისა და ლებაპის ველაიეთების ჰაკიმებს, რომ საელჩო გაატარებს საჭირო ღონისძიებებს, რათა მათ რეგიონებსა და საქართველოს გარკვეულ რეგიონებს შორის გაფორმდეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.