საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

15 ნოემბერი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-17 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქ აშაბაში გაიმართა.

მინისტერიალს CAREC-ის 11 წევრი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, ფინანსური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხდომაზე მიღებულ იქნა CAREC-ის ინტეგრირებული სავაჭრო დღის წესრიგი (CITA 2030), მისი იმპლემენტაციის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა და მინისტრთა ერთობლივი განცხადება.

მინისტერიალის ფარგლებში, აკაკი საღირაშვილმა შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრთან, ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის პირველ მოადგილესთან, თურქმენეთის რკინიგზის მინისტრთან და სხვებთან.

ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. მათ შორის განხილული იყო ქვეყნებს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების გაუმჯობესების და სამომავლო პერსპექტივების საკითხები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.